რა უბედურებაა ეს ბლოგობანა
არ მომწონს ბლოგის მთავარი პრინციპი - დღიურობა. ანუ პოსტების ქრონოლოგიურად განთავსება. იძულებით. სხვა ოპცია არ არსებობს. რა ჭკუაა ამ ქრონოლოგიაში, ვერ ვიგებ. ან მე რად მჭირდება, ან სხვას?
არ ჯობია, რომ იყოს საშუალება რაც გინდა ის ამოსწიო ზემოთ? რაც არ გინდა - ჩაჩურთო უჯრაში. ან თუნდაც ავტომატური რეიტინგების საშუალებით შეიძლებოდეს ამ პოსტების გადაადგილება (მე თვითონ რომელსაც ხშირად ვუბრუნდები, ის ზემოთ იყოს . სხვა - ჩაიმალოს).
ევოლუციის მამოძრავებელი ძალა
ჩემი აზრით ევოლუციის მამოძრავებელი ძალა არ არსებობს. უბრალოდ: რესურსები შეზღუდულია, ამიტომ ყველა ერთმანეთს ებრძვის. ყოველ კონკრეტულ მომენტში ცოცხლობენ ისინი, ვინც ჯერ არ მომკვდარა. ისტორიულ პერსპექტივაში რჩება ის (იმის შთამომავლობა), ვინც უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე კვდება. სულ ესაა.
ნუ არსებითად დარვინიც ამას ამბობდა რა - გადარჩება ის, ვისაც ცვალებად (და აგრეთვე მტრულ, კონკურენტულ) გარემოსთან ადაპტაციის უკეთესი უნარი აქვს. მე ვიტყოდი - ვისაც ადაპტაციის უნარის სწრაფი ცვლის, მორგების, ანუ ადაპტაციის-ადაპტაციის მეტი უნარი აქვს (ვინც გავიგეთ, გაგვატარეთ).
ხოდა აქ სცენაზე შემოდის ინფორმაცია. როგორც გადარჩენა/ადაპტაციის მნიშვნელოვანი მექანიზმი. ანუ გამოცდილება. და მისი შენახვის, გამრავლების და გადაცემის საშუალებები. დაწყებული დნმ-ით და დამთავრებული ინტერნეტით.
ლინუქსი
აზრზე არ ვარ რატომ გადავედი ლინუქსზე. ძირითადი ალბათ ცვლილების სურვილი იყო (თმებს რომ იჭრი რა, ან ახალ შარვალს ყიდულობ).
ან იქნებ ანარქისტ-სოციალისტი ვარ? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ბილ გეიტსი ჩემში ზიზღს იწვევს. ნუ, თან მერე რაციონალური მიზეზიც არსებობს: უახლოეს 1-2 წელიწადში ხომ პირატული პროგრამები თანდათან აიკრძალება საქართველოში. ხოდა უხადე მერე ფული მაიკროსოფტს - სადაა ამდენი ფული. როცა არსებობს სხვა საშუალება - ლეგალურად უფასო საოპერაციო სისტემა.
სხვათა შორის, ლინუქსი უფასოა მხოლოდ ფულის თვალსაზრისით - ფულს არ იხდი. სამაგიეროდ ჭამს ბევრ დროს და აქტიურად მოიხმარს შენი ტვინის უჯრედებს _ მოდუნების და დებილობის საშუალებას არ გაძლევს. ძალიან ბევრი რამეა, რაც ჯერჯერობით ვინდოუსის-ტიპის მენიუებში არ არის ჩაინტეგრირებული და ყოველგვარი ცვლილებისთვის ან ახალი შესაძლებლობის ან ოპციის დამატებისთვის მთელი გამოკვლევის ჩატარება გიხდება ინტერნეტში. კარგია რომ არსებობს რამოდენიმე ძალიან აქტიური ფორუმი, სადაც ყოველთვის მოიძებნება მონდომებული მოხალისეები, ვინც მოთმინებით გიპასუხებს ყველაზე სულელურ კითხვაზეც კი, აგიხსნის, დაგიღეჭავს. თან კაია რომ რაღაც დიდი ერთობის ნაწილი ხდები, პერიფერიული ნაწილი, მაგრამ მაინც რაღაც უფლებები გაქვს, ანგარიშს გიწევენ, გისმენენ, შენზე დროს ხარჯავენ. და არა ისე, როგორც მაიკროსოფტთან - ქურდი ხარ, სულ იმალები, ისინი სულ ცდილობენ გამოგავლინონ, დაგბლოკონ, დაგაზიანონ. აღარ მინდა ქურდობა.
ლინუქსისთვის ერთი წინაპირობაა - ინგლისური უნდა იცოდე. ნუ ყოველ შემთხვევაში ის ინგლისური, ინსტრუქციები რომელზეც წერია.
Subscribe to:
Posts (Atom)