ტელე–რადიო საუბრების ფორმატი ალბათ ჯობს "დებატები" არ იყოს. ვინაიდან ეს არ არის "შოუ". მიზანი არ არის ხალხის მოზიდვა და გართობა. არც პოლიტიკოსის "გაჭედვა" არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს მივიღოთ დეტალური, ამომწურავი პასუხები კონკრეტულ კითხვებზე.
კითხვები უნდა შეგროვდეს წინასწარ, ინტერნეტით. მაგ: "რა გინდათ კითხოთ გიგი უგულავას". კითხვები გაეგზავნოს ამ უგულავას და ეთხოვოს, მოვიდეს დეტალური ამომწურავი პასუხებით. ან გამოგზავნოს ვინმე. თუ გადაცემის მერე კითხვა გამეორდა, ან დაკონკრეტდა, ან მოვიდა კომენტარები იმის შესახებ, რომ ეს სიცრუეა _ კვლავ გაეგზავნოს და მოეთხოვოს განმარტება. და ასე უსასრულოდ, სანამ საკითხი მართლა არ გაირკვევა.
სასურველია გადაცემა მიყავდეს გონებაგახსნილ ჟურნალისტს, რომელიც ორივე მხარეს დაეხმარება ურთიერთგაგებაში, კითხვებს უკეთ ჩამოაყალიბებს და რესპოდენტს არ მისცემს დემაგოგიური ბოდიალის საშუალებას. თუმცა არსებული ხეკაკუნა ჟურნალისტების პირობებშიც, ბევრი იტერაციის შემდეგ, საბოლოო ჯამში ურთიერთგაგება მოხდება. თუმცა კონფლიქტი და დაძაბულობა მეტი იქნება ალბათ.
კარგი იქნება, ცალკე შეგროვდეს კომენტარები წამყვანი ჟურნალისტის მიმართ. და თუ ბევრი იქნა მოთხოვნა მის გამოცვლაზე, გამოიცვალოს. ან უკეთესია რამოდენიმე სხვადასხვა ჟურნალისტს მიჰყავდეს გადაცემა, და თემები ერთიი "ხელიდან" მეორეში გადადიოდეს: ანუ ერთმა ვერ ამოწურა, კითხვები ისევ მოდის _ გადაეცეს მეორეს. საუბრის სტილი, მიდგომა, აზროვნება, ქვეცნობიერი განწყობა სხვადასხვა აქვთ ჟურნალისტებს და საკითხსაც ოდნავ მაინც სხვადასხვანაირად გააშუქებენ, კითხვებს სხვადასხვანაირად დასვამენ და ა.შ., ასე რომ მსმენელი მეტს გაიგებს ჯამში.
მთავარია: ხელისუფლებას არ ჰქონდეს მოწვევის იგნორირების უფლება! და იქედანაც იყოს იმის გაგება, რომ სანამ ყველა კითხვაზე პასუხი არ გაიცემა, სანამ ყველა შეცდომის გულახდილად აღიარება და მიზეზების გარჩევა არ მოხდება, საზოგადოებისგან ნდობა არ აღდგება. დუმილი და იგნორირება არ არისგამოსავალი.
საზოგადოებას საბოლოო ჯამში სჭირდება ხელისუფლების მხრიდან იმის გარანტია, რომ შეცდომები აღარ გამეორდება. ასეთი გარანტიისთვის ითხოვენ პრეზიდენტის შეცვლას. ჩვენ ვთავაზობთ გარანტიის მეორე გზას _ შეცდომების აღიარება, მიზეზების დეტალური გარჩევა, იმის ახსნა/დემონსტრირება, თუ რა გაკეთდა ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად და რატომ აღარ გამეორდება ის შეცდომა.
მოკლედ, ეს უნდა იყოს კეთილგანწყობილი, მაგრამ გულახდილი საუბრები ჩინოვნიკებთან. ერთის მხრივ დემაგოგიური სადღეგრძელოების და მეორეს მხრივ აგრესიის და თავდასხმების გარეშე. ხალხის მხრიდან ინტერნეტით მოსულ თავდასხმებს ჟურნალისტი "გაცხრილავს" და 'გააკონსტრუქციულებს". მთავარია, ხელისუფლების მხრიდან არ იყოს ტუტუცური და თავხედური გამოსვლები ბოკერია–ნადირაძის სტილში. არ უნდა დაეზაროთ და ყოველი სტუმარი ჩინოვნიკი სპეციალურად უნდა გააფრთხილონ _ საზოგადოების შეურაცყოფაზე და გაღიზიანებაზე თავი შეიკავოს. ამასთან ერთად სტუდიაში მჯდომი ჟურნალისტიც სულ უნდა მობილიზებული იყოს, რომ არ მისცეს სტუმარს აგრესიული გამოხტომების უფლება.