მე არ მგონია, რომ დრევანდელ კრიზისს პოზიცია–ოპოზიციის დიალოგი გადაჭრის. პირველ რიგში იმიტომ, რომ დიალოგი დახურულ ფორმატს გულისხმობს. საზოგადოება არ პოზიციას და არც ოპოზიციას არ ენდობა იმდენად, რომ ისინი დახურულ ფორმატში მოსალაპარაკებლად გაუშვას. საზოგადოება საერთოდ აღარ არ ენდობა დახურულ ფორმატს.
და მე მგონი ეს არის დღევანდელი კრიზისის/პროტესტის მთავარი მიზეზი: გაუთავებელი მოტყუება, ან უბრალოდ მმართველი წრის ცუდი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომელსაც მისი მოტყუების შთაბეჭდილება ექმნება. რეფორმები მტკივნეულია. მაგრამ საუბრით, ახსნა–განმარტებით, მოსმენით, დასაბუთებული პასუხის გაცემით _ შეიძლებოდა ამ ტკივილის შერბილება. მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს ხალხის მოსმენის და პასუხის გაცემის სურვილი, უნარი, ეფექტური საშუალება/ტექნოლოგია. შედეგი _ სრული უნდობლობა.
მე მგონი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. საჭიროა ეფექტური ურთიერთობის დამყარება ხელისუფლების და ხალხს შორის: დეტალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, უკუკავშირის მიღება (ყველასგან და არა რცეულებისგან), ყველა კითხვაზე ან კრიტიკაზე დეტალური, დასაბუთებული პასუხის გაცემა, კვლავ უკუკავშირის მირება და ა.შ. მადლობა ღმერთს, ეფექტური ტექნიკური საშუალება გამოგონილია: რადიო/ტელევიზია ინფორმაციის გავრცელებისთვის და ინტერნეტი უკუკავშირისთვის. ორიენტაცია მშვიდ, დასაბუთებულ, დეტალურ საუბარზე და არა სკანდალურ შოუებზე _ იყოს მოსაწყენი, მთავარია არ იყოს დემაგოგიური, იყოს გასაგები. და არ იყოს ერთჯერადი _ ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ეხლა რაღაც ლამაზი სიტყვებით დააბოლეს და მორცა _ მეტი პასუხს ვეღარ მიიღებენ. რამდენჯერაც დაისმედა კითხვა, იმდენჯერ უნდა გაეცეს დეტალური, გულახდილი, ამომწურავი და გასაგები პასუხი. თუ ეს კონკრეტული თანამდებობის პირი ვერ ახერხებს ახსნას, სხვა უნდა გამოვიდეს და ა.შ.
საუბარი. საჯარო, ღია, გულახდილი საუბარი საზოგადოებასთან. არა მარტო ვიღაც ოდიოზურ ლიდერებთან (თუმცა მათთვის ხელის კვრა არასწორია _ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან), არამედ ყველა მოქალაქესთან. თუნდაც ანონიმურთან. ინტერნეტის საშუალებით. აგრესიის, ცინიზმის და შეურაცხყოფის გარეშე.
მოკლედ, საჭიროა ტელე–რადიო გადაცემები და ბლოგი, სადაც კომენტარები ყოველგვარი ცენზურის გარეშე შეგროვდება. შეურაცხყოფაზე უბრალოდ პასუხს არ გასცემ და ეგაა. მოგროვილ კითხვებზე პასუხი სთხოვონ შემდეგ გადაცემის სტუმარს და ასე. გადავემების ტრანსკრიპტები აგრეთვე ბლოგზე დაიდოს _ ვინც ვერ უყურა, წაიკითხავს. რა უნდა ამას?