სკუკა მკლავს, სკუკა მაგიჟებს...

ანუ რატო გავშორდი ქმარს.

დაახლოებით 17 წლის წინ გავშორდი ქმარს. და ეს 17 წელია ვცდილობ გავიგო, რატომ. მახსოვს, რომ სამსახურში რეაქტივების კარადასთან ვიდექი და ძალიან დაკვირვებით ვუყურებდი ქილებს, რომელსაც ეწერა "შხამი". და მერე ვიფიქრე, რომ თავის მოკვლა არ ღირს, ჯობს მარტივად გავშორდე. ხოდა გავშორდი, რაც მისთვის დიდი შოკი იყო.

პრობლემა ის იყო, რომ მიზეზი არ მქონდა. ყველა პარამეტრით იდეალური ქმარი იყო _ სვამდა მარტო წვეულებებში (რომ მომეთხოვა, არც იქ დალევდა), არ ეწეოდა, არ ნარკომანობდა, ვირივით მუშაობდა, ფულს მე მაძლევდა, ქალებში არ დადიოდა, მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდა, ყველაფერში მეთანხმებოდა, არასოდეს გვიჩხუბია. მის მშობლებთან ვცხოვრობდით, მაგრამ თუ მოვითხოვდი, შეგვეძლო ცალკე გვექირავა, საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდა. სექსი წესრიგში იყო, ჯანმრთელი ბავშვები გვყავდა, მუშაობას არ მიშლიდა, დედაჩემთან მეგობრობდა _ მოკლედ არავითარი მიზეზი არ მქონდა უკმაყოფილების.

თან გადაწყვეტილი მქონდა, რომ აი, მე რადგან უმამოდ გავიზარდე, ჩემი შვილები მამასთან გაიზრდებიან. ამიტომ გაშორების შესახებ აზრსაც კი არ ვუშვებდი. ნუ, სანამ იმ საწამლავების კარადასთან არ აღმოვაჩინე ჩემი თავი...

ყველაზე იოლი ფორმულაა "აღარ მიყვარდა". ხო, მაგრამ, არც მანამდე მყვარებია. ინტერესი იყო, გატაცება, ექსპერიმენტი, დაზვერვა, "მოდი ვცდი", "რატომაც არა". ხოდა მერე რა მოხდა? 17 წელია ვცდილობ გავიგო. არადა პასუხი ხომ უმარტივესია: არაფერი არ მომხდარა _ წავიკითხე წიგნი, გავიგე რა ეწერაა და დავკარგე ინტერესი. მომწყინდა, სულ ეს იყო. და ამის გულიზა თავის მოკვლას ვაპირებდი?!

ჩემს თანამშრომელ შოთიკოს ვუყურებდი ამას წინათ _ წესიერი ქმრის განსახიერებაა. და მერე ვადარებდი ჩემს გიჟ–გადარეულ შვილს, რომელიც ყოველ შაბათ–კვირას სტრაიკ–ბოლზე დაარბენინებს 40–50 კაცს, ომის დაწყებისას აუცილებლად შიგნით ეტენება, უკვე მეორე ცოლი ჰყავს და გვპირდება რომ ამაზე არ გაჩერდება, ხან გაიქცა ამერიკაში, ხან გამოიქცა იქიდან, აღარ ვიცი რამდენი ინსტიტუტი გამოიცვალა და ბოლოს მობეზრდა და დიპლომი უბრალოდ იყიდა... მოკლედ, с ним не соскучишься. ხოდა რაღაცაზე რომ ვუთხარი, შენ ცოლს არ ეწყინება, ვიკენდზე მარტო რომ ტოვებ–თქო _ ჩემს ცოლს ჩემში ეგ მოსწონს, ინტერესები რომ მაქვსო, მითხრა. და მაშინ ვიფიქრე, რომ ალბათ რა მოსაწყენია ცხოვრება შოთიკოსთან. საიმედოა, მოსახერხებელია, კომფორტულია, მაგრამ საშინლად მოსაწყენია. და მოწყენა კი ძალიან საშიში რამაა თურმე!

არადა ეს ხომ ჩემი არჩევანი იყო: უსაფრთხო, საიმედო, კომფორტული კაცი, რომელიც ყველაფერზე წამომყოლი იყო. ეტყობა არ არის უსაფრთხოება ყოველთვის გონივრული არჩევანი...