Alert mode

შედიხარ უცხო ოთახში.
შტეპსელში ხელს არ ყოფ.
გაშოშვლებულ მავთულს არ ეხები.
და მაინც დენი გარტყამს. ნუ ძალიან ძლიერი არა _ მარა მტკივნეული.
შეხვალ იქ მეორედ?

ასევეა როცა მიხვალ ადამიანებთან, რომლებმაც გთხოვეს მისულიყავი და დახმარებოდი და უცებ გაგრძნობინებენ, რომ ზედმეტი ხარ და უნდა წახვიდე. არაფერი არ გიქნია. რეაქცია შენგან არ მომდინარეობს. უბრალოდ იმათ რაღაც ილაპარაკეს, იფიქრეს, მოეჩვენათ _ რა ვიცი მე, მარცხენა ფეხზე ადგნენ მოკლედ. ხოდა ჯერ რაღაც უაზრო ხუმრობა–უხეშობები და მერე _ აღარ მოხვიდე, ჩვენ თვითონ ვიზამთო. ხო? _ ძალიან კარგი–თქო, რა თქმა უნდა ჯობია თუ თქვენ თვითონ.

ხოდა ეხლა გრძნობა მაქვს იმ დენის დარტყმის _ მეტი მე იქ არც დამრეკავი და არც მიმსვლელი არ ვარ. მეწყინა? არა _ შემეშინდასავით, აღარ მინდა დენის დარტყმა, რა. არ ვარ რისკების მოყვარული. თან რაღაც წყენის მაგვარიც არის, უსამართლობის შეგრძნება – კაცო მე თუ შენ გეხმარები, ცოტა დელიკატურ მოპყრობას მაინც არ ვიმსახურებ? დაერეკათ მაინც, რაღას მიმიყვანეს?

მარა თან ვცდილობ გავაანალიზო, რამე ხომ არ შემეშალა: ეს დახმარების თხოვნა ფორმულირებული იყო "არ გინდა გააკეთო?" ფორმაში. და მე ჩავთვალე, რომ ეს დელიკატური თხოვნა იყო და "კი, რა თქმა უნდა მინდა–თქო' და შევუდექი საქმეს. და მერე გამიმეორეს, რომ კაცო, საქმესავით ნუ უდგები, თუ გინდა მაშინ გააკეთეო. მე გადავწყვიტე, რომ არ უნდათ რომ ძალიან შემაწუხონ და ვალდებულებად კი არ მკიდებენ, ნუ ისე, მჩატედ _ როცა მინდა, მაშინ რომ გავაკეთო. ხოდა მივედი როცა მინდა და მესამე მისვლაზე გამომისტუმრეს.

ხოდა ეხლა ვფიქრობ, იქნებ "არ გინდა გააკეთო?" ნიშნავს, რომ იმას მართლა ჰგონია, რომ მე ძალიან მინდა რომ გავაკეთო და ნუ დამითმო, მომცა უფლება. ხოდა შეწუხდა მერე, ან გადაწყვიტა, რომ ეხლა თვითონ უნდა და აღარ მომცა უფლება. არაფერი დახმარება ჩემი მხრიდან არ იყო _ მისი მხრიდან იყო გულუხვი დათმობა/უფლების მოცემა.

მოკლედ, მომავალში ასეთ კითხვაზე უნდა ვუპასუხო რომ ნუ ძალიან დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ თუ საჭიროა და გინდათ რომ გავაკეთო _ გავაკეთებ.

მარა ეს როდესმე დიდი ხნის მერე, დენის დარტყმის შოკი რომ გადამივლის...